როგორ დავძლიოთ მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების სირთულეები ისტ-ის გამოყენებით

წინამდებარე სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ კვლევისას განხორციელებული ინტერვენციების შედეგებს, ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, ასევე კვლევაზე მუშაობისას წარმოქმნილ პრობლემებს. 

მე-5 კლასში გადმოსული მოსწავლეები განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან სწავლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ შეცვლილი სასწავლო გარემოთი (ბევრი ახალი მასწავლებელი), მეორე მხრივ, გადატვირთული საგაკვეთილო ბადით, გართულებული პროგრამით. სირთულეები ჩნდება მათემატიკის სწავლის დროსაც. თითქმის ყოველ გაკვეთილზე მიწოდებულ ახალ ინფორმაციას ვეღარ უმკლავდებიან მოსწავლეები, ვეღარ ასწრებენ მასალის განმტკიცებასა და გაანალიზებას. 

კვლევაზე მუშაობისას პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ძიების დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა ასაკობრივი და ემოციური თავისებურებებიც. ამ ასაკის ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარი სწავლის პროცესზე, უჭირთ ობიექტური თვითშეფასება. უჩნდებათ სასკოლო შფოთვა, უსუსურობის განცდა, წარუმატებლობისა და შეცდომის შიში. 8-11 წლის ბავშვი უკვე იყალიბებს მორალურ ღირებულებებს და შფოთავს მნიშვნელოვანი ადამიანის მოლოდინის გაცრუების გამო. ამ დროს ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მშობელსა და მასწავლებელზე, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

მათემატიკის სწავლების სირთულეები, ძირითადად, ვლინდება საშინაო დავალების შესრულებისა და დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში. როგორც კვლევაზე მუშაობამ აჩვენა, ამ სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ისტ-ის გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში სწავლებას უფრო საინტერესოს, აქტუალურსა და ხელმისაწვდომს ხდის. სწავლის პროცესი სცდება საკლასო ოთახს, სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო და სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული. ეს ყოველივე ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას. 

სასწავლო პროცესში ისტ-ის რესურსების გამოყენების მნიშვნელობამ და აქტუალურობამ გამოიწვია კვლევის დროს დაგეგმილი და განხორციელებული შემდეგი ინტერვენციები:

  • ხანის აკადემიაში კლასების შექმნა და სასწავლო თემასთან დაკავშირებული ვიდეოგაკვეთილების და შესაბამისი ტესტების პერიოდულად მიცემა.

  • PowerPoint-ში საპრეზენტაციო მასალის შექმნა და საგაკვეთილო პროცესში თვალსაჩინოდ გამოყენება.

  • მათემატიკური პროგრამა GeoGebra-ს გამოყენება გეომეტრიული საკითხების შესწავლის დროს.

  • Edmodo-ზე და EasyQuizzy-ში შექმნილი ტესტების გამოყენება.

დაგეგმილმა და გამოყენებულმა ინტერვენციებმა საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი.ხანის აკადემიის გამოყენებამ საშუალება მისცა მათ ვიდეოგაკვეთილები და ტესტები საჭიროებისამებრ მრავალჯერადად გამოეყენებინათ და ცოდნა განემტკიცებინათ. PowerPoint-ისა და GeoGebra-ს თვალსაჩინო მასალის გამოყენება მათ საკითხის უკეთ გააზრებასა და დიდხანს დამახსოვრებაში ეხმარებოდა, გამოყენებული ელექტრონული ტესტები კი ცოდნის შემოწმებას უწყობდა ხელს. გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა შემატა. ეს აჩვენა მოსწავლეთა საბოლოო გამოკითხვამაც.

unnamed.png

კვლევის პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა თან. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა სისტემატურად თვალსაჩინოების, ტესტების შექმნა და გამოყენება. გამოიკვეთა ასევე ტექნიკური პრობლემებიც. მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტის გამოყენების საშუალება. მიუხედავად ამ სირთულეებისა, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებისთვის სწავლის სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვანი, ასაკობრივად მათზე მორგებული და მიზნობრივად გამოყენებული ისტ-ის რესურსები. ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საშუალებას იძლევა შემდეგი რეკომენდაციების ჩამოყალიბებისათვის: 

  • სისტემატურად უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების ხელშეწყობა.

  • ტექნოლოგიების გამოყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების კომპეტენცია და მათ ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა.

  • გამოყენებული ელექტრონული რესურსი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა მოსწავლეებისთვის არ გახდეს მომაბეზრებელი და მუდმივად იყვნენ შემოქმედებისა და ძიების პროცესში.

  • უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ელექტრონული რესურსის შექმნისა და გამოყენების დროს. 

 კვლევის ანგარიშის ბმული: http://bit.ly/gulbatashvili-action-research-report-2018 

 ანა გულბათაშვილი

 20 ივნისი, 2019 წელი