მათემატიკაში დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სკოლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ამ უნარების განვითერება უნდა წარმოადგენდეს. იმისათვის რომ, მოსწავლეებმა გაიაზრონ მათემატიკის სწავლის საჭიროება, დაეუფლონ საგანს საფუძვლიანად და შეძლონ მისი ცხოვრებაში გამოყენება, საჭიროა სწავლის პროცესში არსებული პრობლემების გამოკვეთა და გადაჭრა სხვადასხვა აქტივობებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მეხუთე კლასში ჩამეტარებინა კვლევა. მონაცემთა ანალიზით გამოიკვეთა დამოუკიდებლად მუშაობის დროს გარკვეული პრობლემები. მოსწავლეებს ჰქონდათ შეცდომების დაშვების შიში და განცდა, რაც გამოწვეული იყო დაბალი თვითშეფასებით. არასათანადო მეთოდიკით სწავლების გამო უჭირდათ პირობების გაგება-გააზრება. გაცდენების გამო, გამოტოვებული თემები იწვევდა ჩავარდნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიე სათანადო გარემოს შექმნა და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება. განხილული ლიტერატურის, კვლევის ამოცანებისა და მიზნების დადგენის გათვალისწინებით დავგეგმე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები: 

  1. ხანაკადემიის გამოყენება სწავლის პროცესში;

  2. საინფორმაციო ტექსტის გააზრების სავარჯიშოების გამოყენება; 

  3. მათემატიკის დიაგნოსტიკური შეფასების ტესტები; 

  4. მშობელთა ჩართულობა;

  5. ტექსტური ამოცანების განხილვა; 

  6. დამოუკიდებლად მუშაობის რუბრიკის შექმნა; 

  7. გასასვლელი ბილეთების გამოყენება.

 სასწავლო პროცესში ყველაზე ეფექტური ხანაკადემიის გამოყენება აღმოჩნდა. მოსწავლეთა უმრავლესობა საიტს იყენებს სწავლისთვის და ვარჯიშისთვის. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ხანაკადემიის აქტივობების მიმართ. კლასში ყველა მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ინტერნეტ სივრცის გამოყენება. ხანაკადემიის გამოყენებით შეიძინეს ციფრული კომპეტენციის უნარები. რამდენიმე მოსწავლე გასცდა მეხუთე კლასის პროგრამას და გადავიდა უფრო მაღალ დონეზე, რამაც დანარჩენებსაც გაუჩინა მოტივაცია, ეს მოსწავლეები ეხმარებიან კლასელებს. მიღებულმა შექებამ, ენერგოქულება და ბეჯებმა აუმაღლათ დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის მოტივაცია. გამოკითხვის დროს ყველაზე სახალისო აქტივობად მოსწავლეებმა მიიჩნიეს ხანაკადემიის ონლაინ სავარჯიშოები.

bliadze.png

ჩემი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს მათემატიკის სწავლაში ჰქონოდათ პროგრესი, რასაც მივაღწიეთ კიდეც. აქტიურად ვიყენებდი G-PriEd-ის რესურსებს. საინფორმაციო ტექსტის გააზრების სავარჯიშოებზე, მათემატიკის დიაგნოსტიკური შეფასების ტესტებზე, ტექსტური ამოცანების განხილვაზე მუშაობამ და გასასვლელი ბარათების გამოყენებამ მოსწავლეებს შესძინათ გაგება-გააზრების, მონაცემების ამოკრების, დახარისხების, პრობლემის გამოკვეთა/გადაჭრის უნარები. მოსწავლეებს აუმაღლდათ მათემატიკის ცოდნა და საკუთარი პროგრესის დანახვით გაეზარდათ თვითშეფასება. გაუჩნდათ მოტივაცია და რაც ყველაზე მთავარია შეიძინეს დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაბის უნარები. შეფასების რუბრიკების ერთობლივმა შექმნამ და გამოყენებამ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა მუშაობის სწორი ფორმა. ზუსტად და კონკრეტულად იაზრებენ მიცემულ ინსტრუქციას, პირობის გათვალისწინებით ასრულებენ სამუშაოს. ხვდებიან რატომ მიიღეს ესა თუ ის ქულა, ისწავლეს დროის სწორად გამოყენება, ყოველივე ეს ეხმარებათ საშინაო დავალების და შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებაში. კვლევის პროცესში მივხდი ბავშვებს როგორი ტიპის აქტივობები მოსწონთ უფრო მეტად. მიღებულ გამოცდილებას გავითვალისწინებ სამომავლოდ და შესაბამისად, სასწავლო პოცესს დავგეგმავ უფრო მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით. 

პედაგოგიური კვლევის წარმართვისას გადავაწყდი გარკვეულ სიძნელეებს. პროცესი აღმოჩნდა საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ უამრავმა წაკითხულმა და განხილულმა ლიტერატურამ შემმატა პროფესიული ცოდნა. პრაქტიკაში დანერგილმა ინტერვენციების განხორციელებამ მომცა გამოცდილება, ხოლო მოსწავლეთა შედეგმა მომანიჭა დიდი სიამოვნება. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ხანაკადემიაზე შინ ვარჯიში, ზოგი მოსწავლე ვერ ახერხებდა მუშაობას სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი ინტერნეტის არ ქონას ასახელებდა, ზოგი ტექნიკის გაფუჭებას ან არქონას. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, კვირაში ორი დღე გაკვეთილზე მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებდი ვიდეოებს, შემდეგ ვაკეთებდით თემის შესაბამის სავარჯიშოებს. მოსწავლეები პასუხებზე მსჯელობდნენ როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად, ამის გამო ვერ მოვახერხე გამერკვია ვინ იყო ხანაკადემიის ყველაზე აქტური მომხმარებელი. 

პრაქტიკის კვლევის დროს შეძენილ გამოცდილებაზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შევიმუშავე რამდენიმე რეკომენდაცია. უწყვეტად უნდა ხდებოდეს:

  •  მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და შეფასება;

  • მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სწავლება;

  • სწავლის ინდივიდუალური თავისებურებების და მზაობის გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება;

  • მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების მჭიდრო თანამშრომლობა;

  • სათანადო სასწავლო გარემოს შექმნა სკოლასა და სახლში (იგულისხმება მრავალფეროვანი რესურსები, ისტ ტექნოლოგიები და „შერეული მეთოდით“ სწავლება);

  • შეფასების რუბრიკების ერთობლივი შემუშავება მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ, რომლებიც შედგენილი იქნება ბავშვისათვის გასაგებ ენაზე და გამოიყენება რეგულარულად.

შემუშავებული რეკომენდაციები და გამოყენებული ინტერვენციები სხვა პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ სწავლების პროცესში, არამარტო მათემატიკაში არამედ სხვა საგნებშიც. ჩატარებული კვლევა საშუალებას იძლევა გავაკეთო დასკვნა იმაზე, რომ კვლევის ეს მეთოდი დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემების სათანადოდ მოგვარების საშუალებას იძლევა.


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ბმული:  http://bit.ly/bliadze-action-research-2018 


თამარ ბლიაძე

27/06/2019