ისტ-ის გამოყენება მათემატიკის სწავლებისას და მათი ზეგავლენა სწავლის თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე

თანამედროვე საზოგადოების და ტექნოლოგიების საკმაოდ სწრაფი ცვალებადობა მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას. ამიტომ მათემატიკის მასწავლებლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს უნარები, რომლებიც ავითარებს ინდივიდუალური სწავლის შესაძლებლობას. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თვითრეგულირებადი სწავლის სიკეთეებზე. ამ უნარის მქონე ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავისი საქმიანობისა თუ სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება.

მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს მონდომება და პასუხისმგებლობა აკლიათ, თუმცა ასეთი სიტუაციის ამსახველი სტანდარტული ფრაზა: „არ უნდა სწავლა და რა ვქნა?!“ – დიაგნოზს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პრობლემის დაფიქსირებას და მისი გადაჭრის გზის ძიებას. მოსწავლემ უნდა ისწავლოს მიზნის დასახვა და თვითდაკვირვება. ყოველივე ამაში ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სამი ძირითადი მიზეზის გამო:

  1. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს კომპიუტერის გამოყენებით. მოსწავლეების დიდ უმრავლესობას მათემატიკის დავალების კომპიუტერით შესრულება ურჩევნია (იხილე გრაფიკი #1).

  2. სანდო და შესაფერისი რესურსი საშუალებას იძლევა ყველა შეცდომა მომენტალურად დააფიქსიროს, მისცეს მითითებები და ხარაჩოს პრინციპით მიიყვანოს მოსწავლე სწორ პასუხამდე. 

  3. მოსწავლეს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ დროს, მოსახერხებელ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი და კომპიუტერი ან ტელეფონი.

გრაფიკი #1

გრაფიკი #1

მოსწავლეებთან მუშაობის დროს გამოვიყენე „ხანის აკადემია“, რომელიც დამეხმარა თითოეული მოსწავლის მუშაობის ტემპის და დაშვებული ყველა შეცდომის გათვალისწინებით ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვაში და შედეგების გაუმჯობესებაში. ამ თემაზე მშობლების ფოკუს ჯგუფთან შეხვედრაზე შემდეგი პრობლემური საკითხები დაისვა მშობლების მხრიდან:

  1. ხშირად ზუსტად არ ვიცი, თუ როგორ დავეხმარო შვილებს; 

  2. წიგნში ადვილი დავალებებია და საშაბათე სკოლაში დამყავს; 

  3. რეპეტიტორი მოვუყვანე, რადგანაც უჭირს; 

  4. დავალება არ წერია ელექტრონულ ჟურნალში და ამიტომ ვერ ასრულებს და სხვა.

ისტ-ის გამოყენებამ მათემატიკის დავალებების შესრულებისას წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად აჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდმა უმრავლესობამ მიიღო ინდივიდუალური მითითებები, დაიწყო საკუთარი გეგმის შემუშავება და საკუთარ საჭიროებაზე დაკვირვებით მისთვის საინტერესო და საჭირო დავალებების დამოუკიდებლად შერჩევა და შესრულება.

ხანის აკადემიის გამოყენება არაჩვეულებრივია კიდევ იმით, რომ მოსწავლეს შესრულებულ სამუშაოში აძლევს შეფასებას „ჯერ არა“-ს, რაც მოსწავლეს უსახავს იმედს და აგრძნობინებს, რომ ის სწავლის, წინსვლის მრუდზე რჩება, უკეთესი მომავლისკენ გზაზე ისევ დგას, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწია შედეგის გაუმჯობესებას, ან დახელოვნებას. ზოგიერთ მოსწავლეს გასაოცრად დადებითი რეაქცია ჰქონდა, როდესაც ცოტათი რთული ან სხვაგვარად ფორმულირებული ამოცანები შეხვდა, მათ თქვეს: „მე მიყვარს გამოწვევები“ მათ ზრდის მენტალიტეტი ჰქონდათ. მაგრამ სხვა მოსწავლეებმა ტრაგიკულად აღიქვეს ეს ყველაფერი. მათი, შედარებით „ფიქსირებული მენტალიტეტის“ გადმოსახედიდან, მათ ინტელექტს გამოცდა მოუწყეს და თავი ვერ გაართვეს. „ჯერ“-ის ძალით ტკბობის მაგივრად, ისინი „ახლა“-ს ტირანიაში ჩაეფლენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: „ჯერ“, ან „ჯერ არა“, აძლევენ ბავშვებს თავდაჯერებულობას, უსახავენ მათ გზას მომავლისკენ, რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას, ამბობს TED პლატფორმაზე თავის მოკლე გამოსვლაში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ დვეკი. ჩვენ, მათემატიკის მასწავლებლებს, ნამდვილად შეგვიძლია მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა. საიტის მომხმარებლები ფასდებიან კიდევ ერთი საინტერესო შეფასების სისტემით, ისინი იღებენ ეგრეთწოდებულ „ბეჯებს“ მაგალითად: შეუპოვარი

მოტივაციის ამაღლების მიზნით გავაკეთეთ განცხადებების დაფა, რათა ავღნიშნო მათი პროგრესი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობისთვის მაგალითად: დასრულებული დავალებები, ნანახი ვიდეოები, მუშაობისთვის დახარჯული დრო, დახელოვნებული უნარები და მიღებული ბეჯები. გამარჯვებულები მთელი კლასის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, მხოლოდ სხვადასხვა ნომინაციაში. მათ, ჯერ არასრულად, მაგრამ მეტნაკლებად თვითონ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ განათლებაზე. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მეშვიდეკლასელებს აინტერესებდათ და იგებდნენ კიდეც, იმ დღევანდელი, საკუთარ რეიტინგს საერთო საკლასო შედეგების ფონზე. საკუთარი პროგრესისთვის თვალყურის დევნება, შესანიშნავი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ვუბიძგოთ მოსწავლეებს ყოველთვის ბეჯითად ისწავლონ.

ხანის აკადემიის საიტს ვიყენებდი ასევე კვირის დავალებების მისაცემად. დაკვირვებამ მაჩვენა, რომ თავდაპირველად დროის არასწორად განაწილების გამო ბევრი მოსწავლე ბოლო საღამოს, ძალიან გვიან და არასრულად ასრულებდა დავალებას, მაგრამ თანდათან მოსწავლეების ნაწილმა გააუმჯობესა სამუშაოს განაწილების და დაგეგმვის უნარები. მომდევნო დიაგრამა აჩვენებს კონკრეტული დავალების შესრულებას. კერძოდ რამდენმა მოსწავლემ შეასრულა დავალება მაგალითად ფართობის გამოთვლაზე. ჩანს, რომ 18-დან მხოლოდ 13-მა.

unnamed+%282%29.jpg

მაშინ, როდესაც წინა, უცნობი გვერდის პოვნის, დავალება მხოლოდ 9 მოსწავლეს ჰქონდა შესრულებული.

unnamed+%282%29.jpg

გარდა მითითებული ქართულენოვანი რესურსისა ვიყენებდი ინგლისურენოვან საიტსაც. კვლევის ფარგლებში IXL.COM საიტს მხოლოდ გეომეტრიის თემის შესწავლისას ვაკვირდებოდი. მოსწავლეთა ნამუშევრები გროვდებოდა საიტზე, მათ ჰქონდათ ინდივიდუალური პაროლები და მომხმარებლის სახელები, საიტის ჯამურ ინფორმაციაში ყველა ჩემი მოსწავლე ერთად არის მოხსენიებული როგორც ნანა სვანიძის კლასი. ამიტომ საიტიდან ავტომატურ რეჟიმში მიღებულ ანგარიშებში და სერტიფიკატებში მითითებული შედეგი ჩემი ყველა დარეგისტრირებული მოსწავლის მუშაობის შედეგს წარმოადგენს. სადაც ჩანს, რომ ჩემი კლასის 30-მა მოსწავლემ სულ 27 საათი იმუშავა (ჯამურად) 80 თემაში მიიღეს დახელოვნების შეფასება და 90 თემაში ჰქონდათ წინსვლა კვირის განმავლობაში

სასწავლო პროცესში მოსწავლეებს გაცილებით მეტი უნარების განვითარების და გამოყენების საშუალება მიეცათ. ისინი ასრულებდნენ ინდივიდუალურ მრავალფეროვან დავალებებს, აკვირდებოდნენ საკუთარ შედეგებსა და წინსვლას, გეგმავდნენ დავალების შესრულების გზებს, ეძიებდნენ ინფორმაციებს ვიდეოებისა და სტატიის სახით, ახდენდნენ სხვა საგნებში ნასწავლის გამოყენებას.

svanidze.jpg

ჩემს მიერ ინიცირებული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა არსებული ტრადიციული რესურსების ჩანაცვლება და ავტომატური შეფასების გზით ნაწილობრივ თვისობრივი შეცვლაც. მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო, გასაგები და დაძლევადი გახდა. მრავალფეროვანმა რესურსებმა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მეტი საშუალება მომცა. მე შევძელი მათთვის დიფერენცირებული დავალებების შერჩევა და შეთავაზება. მოსწავლეთა ძირითადმა ნაწილმა შეძლო თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარება. თუმცა რამდენიმე მოსწავლე არ ჩაერთო ამ ტიპის მუშაობაში. საჭიროა გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვა, შეთავაზებული სასწავლო ამოცანების ისე შეცვლა, რომ ყველა მოსწავლის ჩართულობა გაიზარდოს და შემდეგში შევძლო გაკვეთილის არამარტო მოდიფიკაცია, არამედ ტრანსფორმაციაც. 

ვფიქრობ, რომ კვლევის შედეგების/დასკვნების გათვალისწინებით შემიძლია ვურჩიო კოლეგებს, რომ ბავშვებისთვის სასიამოვნოა იმგვარი დავალებების შესრულება, სადაც მათ საშუალება ეძლევათ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებზე და ამიტომ მისცენ მათ ამის საშუალება. თუმცა დასაწყისისთვის საჭიროა მხარდაჭერითა და განმავითარებელი კომენტარით შესაბამისი უნარ-ჩვევების ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. ყოველივე ამის მიღწევისათვის მნიშვნელოვანი მეთოდებია: „კვირეული დავალებები“ და „შებრუნებული საკლასო ოთახი“.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის წუთები როცა ვხედავდი, რომ ჩემი მოსწავლეები შემეცნებითი პროცესით იღებენ სიამოვნებას. 




ნანა სვანიძე

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/svanidze-action-research-report-2018