მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა მე-6 კლასში მათემატიკის გაკვეთილზე

შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მოითხოვს სწავლა/სწავლების ძირითადი პრინციპების დაცვას, რომელთაგან ერთ-ერთი მოტივაციის ამაღლებაა. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პედაგოგისთვის. 

მე-6 კლასში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს მათემატიკის სწავლისადმი მოტივაცია არ აქვთ. მოსწავლეები იმიზეზებენ, რომ მათემატიკა არ აინტერესებთ, მოსაწყენია, მოსწავლეებს ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. ძირითადად დავალება შეცდომებით და ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, რაც ხელს უშლის გაკვეთილზე ახალი საკითხის საფუძვლიანად შესწავლას. აკადემიური მოსწრება გასულ სასწავლო წელთან შედარებით გაუარესდა.

კვლევის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა მეთოდებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიგნებები(ინტერვენციამდე):

  • საშინაო დავალებას არ ახლავს წერილობითი განმავითარებელი შეფასება, რის გამოც უჭირთ მშობლებს დავალების გაკონტროლება და შესაბამისად მოსწავლეები საშინაო დავალებას ნაწილობრივ და უხარისხოდ ასრულებენ, რაც აისახება მათ აკადემიურ შედეგებზე.

  • მოსწავლეებს ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები მოსწონთ. 

unnamed (1).png

 მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად, შევარჩიე რამდენიმე ინტერვენცია: 

  1. ვიდეო მოტივაციაზე „ყველაფრის სწავლა შეგიძლია“; 

  2. წერილობითი უკუკავშირი საშინაო დავალების რვეულებში; 

  3. learningapps.org საიტის რესურსები.

  4. აქტივობა: ,,იპოვე შეცდომა“;

  5. ხანის აკადემიის გამოყენება სასწავლო პროცესში. 



 ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების საშუალებით მოხდა არსებული აქტივობების ჩანაცვლება და მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. ონლაინ რესურსებმა მოსწავლეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. მისი გამოყენებით, მოსწავლეები განმავითარებელ შეფასებას იღებდნენ თამაშის ელემენტებით, სწავლობდნენ შეცდომებზე, მეტი ინტერესით უდგებოდნენ მათემატიკის შესწავლას. 

 კვლევის პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა თან: ყველა მოსწავლეს სახლში არ ჰქონდათ მუდმივი ინტერნეტის საშუალება. ეს გარკვეულ უთანასწორობას იწვევდა მოსწავლეებში სწავლის თვალსაზრისით ხანის აკადემიაში. ამ მიზეზით ვერ განვახორციელე „შებრუნებული ოთახის“ მეთოდი უკეთესი შედეგების მისაღწევად. ვერ შევძელი მათ საშინაო დავალებებში სიახლის შეტანა (ონლაინ რესურსები ვერ გამოვიყენე) ასევე, კარგი იქნებოდა მშობლები დამერეგისტრირებინა ხანის აკადემიაზე, მშობლის სტატუსით, რითაც გაიზრდებოდა მათი ჩართულობა. ისინი დეტალურად გაეცნობოდნენ თავიანთი შვილების შედეგებს. იმედია შემდეგში გამოსწორებადი იქნება აღნიშნული მიზეზები.

ჩატარებულმა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ საშუალება მომცა ჩამომეყალიბებინა შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრა, მუდმივი ძიება და განხორციელება იმ აქტივობებისა,რომელიც მოსწავლეებში მოტივაციას აამაღლებს. 

  • მასწავლებელმა მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს მოსწავლეს.მაგალითად, ყოველდღიური საკლასო აქტივობა: „ამოხსენი ამოცანა“, შეიცვალოს ასეთი აქტივობით: „ამოხსნილ ამოცანაში იპოვე შეცდომა“. (მოსწავლე არის საქმის წარმმართველი).

  • მასწავლებელმა დეტალურად შეასწოროს მოსწავლის საშინაო დავალება და მისცეს წერილობითი უკუკავშირი, რათა მშობელმა შეძლოს შესრულებული დავალების ხარისხის გაკონტროლება.

  • მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე, რათა საინტერესოდ, შედეგიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.



 ნინო ზურაბიშვილი

 29 ივნისი, 2019 წელი

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/zurabishvili-action-research-report-2018