ისტ-ის გამოყენების გავლენა საკლასო და საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე

კვლევა ჩავატარე სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის ს. ახალშენის საჯარო სკოლის პირველ კლასში. რეგიონის სკოლები, მით უფრო აღნიშნული სკოლა, არის მცირეკონტიგენტიანი და კვლევის ჩატარებისას მომიწია სპეციფიური მუშაობა, ვინაიდან კლასში მხოლოდ 4 მოსწავლეა.

მოგეხსენებათ, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად ყურადსაღებია ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი გავლენების  გათვალისწინება მოზარდის ცხოვრებაში. მასწავლებლებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ ამ საქმეში, მით უფრო რომ აღნიშნული სკოლებში შემოვიდა, როგორც სასწავლო საგანი. შესაბამისად, ისტ-ი გამოვიყენე კვლევის დროს, როგორც მოტივაციის გაზრდის საგანი.

დაწყებით კლასებში განსაკუთრებით დიდ სირთულეს ვაწყდებით დამოუკიდებლად მუშაობის და საშინაო დავალების შესრულებისას. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევამჩნიე მოტივაციის კლება, მათ არ მოსწონდათ წერითი დავალებების შესრულება. ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და მქონდა ინტერვიუ მშობლებთანაც. მშობლებიც ადასტურებდნენ,  რომ დავალების წერისას ბავშვები დიდი მონდომებას არ გამოთქვამდნენ. ამასთანავე დაწერილ დავალებებს აკლდებოდა ხარისხი.

პრობლემის აღმოჩენის დროს გადავწყვიტე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, სწავლების პროცესში ჩამერთო ისტ-ი.

შევიმუშავე ინტერვენციები:

  • word-ის ფაილში დავალებების შესრულება, 

  • ხანის აკადემია, 

  • learningapps.org.

უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული და განსხვავებული იყო, ხანის აკადემიაზე მუშაობა. მუშაობისას ბევრი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად,  მოსწავლეები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ დავალებებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანის აკადემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია სასწავლო პროცესში და იმედი მაქვს მისი გამოყენება უფრო გააქტიურდება სკოლებში.

აღნიშნულმა ინტერვენციებმა თავისი შედეგი გამოიღო. მოსწავლეთა მოტივაცია საგრძნობლად გაიზარდა და ამასთანავე გამოსწორდა დავალებების შესრულების ხარისხი.

კვლევის  შედეგის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ ისტ-ის სწორი და მიზანმიმართული გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დავალების ხარისხს.

კვლევის დასრულების შემდეგ, გავუზიარე კვლევა თანამშრომლებს და რამდენიმესგან მივიღე რეკომენდაცია, გამომეყენებინა ინტერნეტ თამაშებიც. ვფიქრობ საინტერესეო იქნება აღნიშნულის გამოყენებაც და სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. 


დიანა წულუკიძე

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/tsulukidze-action-research-report-2018