რჩევები მშობლებს პანდემიის პერიოდში

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ, სამედიცინო რისკის გარდა, უამრავი შეზღუდვა და თავსატკივარი მოგვიტანა. ახალ რეალობასთან გამკლავება განსაკუთრებით მოზარდთა მშობლებს უჭირთ: სახლის საქმეებსა და პროფესიულ საქმიანობასთან ერთად არაერთ მშობელს მასწავლებლის როლის მორგებაც მოუწია. 

როგორ დავეხმაროთ შვილს სწავლის, თვითგანვითარების, შემეცნების გაგრძელებაში, რეჟიმის შენარჩუნებაში? როგორ გამოვიყენოთ კარანტინი ჩვენს სასიკეთოდ? როგორ გავანაწილოთ ჩვენი და ბავშვის დრო? გვინდა, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმაროთ. ამიტომ, ამ თემაზე საერთაშორისო ლიტერატურა მიმოვიხილეთ და თქვენთვის 13 რჩევა შევაკოწიწეთ.

მაშ ასე:

1. ესაუბრეთ ბავშვს შექმნილ მდგომარეობაზე

როგორ ავუხსნათ კორონავირუსის პანდემიის ფენომენი შვილებს? თანაც, როცა წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენი ხანი გაგრძელდება კარანტინი?

ცხადია, იმ ინფორმაციის შინაარსი და მოცულობა, რომელსაც ბავშვს მივაწვდით, მათ ასაკზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, დავიცვათ ოქროს წესი: სიტუაციაზე საუბრისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნერვიულობასა და შიშს თუ გამოავლენთ, ეს ემოციები არც თქვენს შვილს გამოეპარება.

მნიშვნელოვანია, იყოთ გულწრფელი, პირდაპირი და სათქმელი მკაფიოდ, მოკლედ გადმოსცეთ. ნუ დატვირთავთ ბავშვს ზედმეტი, არარელევანტური ინფორმაციით, რომელზეც ის თავად არ დასვამს შეკითხვებს.

თუკი ბავშვი ვირუსთან დაკავშირებით სტრესს ან შიშს გამოავლენს, ჩაეკითხეთ, რომ დაადგინოთ, რა ინფორმაცია ან წარმოდგენა აქვს მას ისეთი, რომელიც აშინებს. შეიძლება, თანატოლებისგან მცდარი ინფორმაცია მიიღო ან ზრდასრულების ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. 

და ბოლოს, ესაუბრეთ ბავშვს იმ შესაძლო გეგმასა თუ აქტივობებზე, რომლებსაც კარანტინის პერიოდში ერთობლივად დასახავთ და განახორციელებთ. გეგმის დასახვას რაც შეეხება, ამაზე შემდეგ პუნქტებში ვისაუბროთ.

2. დაისახეთ რეალისტური მოლოდინები

ზოგ მშობელს აქვს საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ მთლიანად გადაერთოს საშინაო განათლებაზე (homeschooling), თუმცა მშობლების უმეტესობას ამის ფუფუნება არ გააჩნია. შესაძლოა, თქვენ სულაც არ გქონდეთ ნაირ-ნაირი, ფერად-ფერადი ცხრილებისა და დავალებათა სიების შექმნის დრო: არ იდარდოთ. ნუ შეედრებით სხვებს და ნუ ეცდებით სხვა ოჯახების იმიტაციას. მოერგეთ ბავშვის მოთხოვნილებებსა და ინტერესებს.

3. მიეცით ბავშვს არჩევანი

ზოგ მოზარდს წინასწარგანსაზღვრული, დეტალური დღიური გეგმა დასჭირდება, ზოგს კი ურჩევნია, თავად გადაწყვიტოს, სად, როდის და რამდენი ხანი იმუშავებს, ისწავლის, ივარჯიშებს და ა.შ. ასეთი ბავშვებისთვის ეს მეტაკოგნიციის განვითარების კარგი შანსიც კია – ისინი საკუთარი სწავლისა და ფიქრის პროცესს დააკვირდებიან და შეისწავლიან.

4. თუ საჭიროა, შეადგინეთ გრაფიკი

მოზარდების დიდ ნაწილში დღიური რუტინის რღვევა და ქაოსი მეტ შფოთს იწვევს. შესაძლოა, განრიგის შედგენა მათ სწავლისა და თვითგანვითარების გაგრძელებაში დაეხმაროს. არ არის აუცილებელი, განრიგი იყოს დეტალური: მაგალითად, თავიდან უბრალოდ განსაზღვრეთ, რომელზე ადგებით და ისაუზმებთ. გამოყავით დრო სწავლისა და ფიზიკური აქტივობისთვის. განსაზღვრეთ, ასევე, რამდენ დროს გაატარებთ ბავშვთან ყოველდღიურად.

თუ უფრო დეტალური განრიგის შექმნა გსურთ, შეგიძლიათ, სკოლის განრიგის სიმულაცია მოახდინოთ, რომ ბავშვმა რეჟიმის შენარჩუნება უფრო მარტივად შეძლოს და არსებული ჩვევები გამოიყენოს. არ არის აუცილებელი, მკაცრად განსაზღვროთ, თუ ზუსტად რა დრო უნდა დაუთმოს ბავშვმა სწავლას, თამაშს თუ დასვენებას – აიღეთ მაგალითი სკოლის განრიგისგან, შემდეგ კი დააკვირდით, როგორი პროგრესი ექნება თქვენს შვილს. აქ მთავარია კომუნიკაცია: ესაუბრეთ ბავშვს მის აქტივობებსა და წინსვლაზე და შესთავაზეთ დახმარება. 

5. განსაზღვრეთ ეკრანთან გატარებული დრო

კარგი იქნება, თუ განასხვავებთ ეკრანთან გატარებული დროის ორ ნაირსახეობას: შემეცნებით აქტივობებსა და გართობას. ამა თუ იმ ფიზიკური სიგნალებით დაეხმარეთ ბავშვს, „გადართონ სიჩქარეები“ ამ ორი ტიპის აქტივობას შორის: მაგალითად, სთხოვეთ, სასკოლო დავალებების შესასრულებლად ეკრანს მაგიდაზე მიუჯდეს, გვიან ფილმის საყურებლად კი - სავარძელზე მოკალათდეს.

6. მოაწყვეთ სასწავლო ზონა

შექმენით შემეცნებითი სივრცე სახლში, სადაც ბავშვი სასკოლო მასალაზე კონცენტრირებას შეძლებს. არ არსებობს მკაცრი მითითებები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს სივრცე. არაერთ სკოლას ასეთი ზონის დიზაინის შექმნა საკმაოდ უჭირს კიდევაც, რადგან თითოეულ ბავშვს შემეცნების თავისებური გზა და მეთოდები აქვს. სახლში სწავლის უპირატესობაც სწორედ ეს არის, რომ შეგვიძლია, ბავშვს მისი საჭიროებებისამებრ მივუდგეთ. მიეცით მოზარდს საშუალება, ისწავლოს იქიდან, საიდანაც სურს - იქნება ეს იატაკი თუ მაგიდა - თუმცა ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ყურადღების გამფანტავი ნივთები თუ სიგნალები ამ სივრცეში.

7. მიეცით ბავშვს მოწყენის საშუალება

ბავშვები შეჩვეულები არიან სტრუქტურირებულ აქტივობებსა და ვიზუალური სტიმულების თითქმის უწყვეტ ნაკადს. შეიძლება, თავიდან როგორც თქვენ, ისე მას გაუჭირდეს მოწყენილობის დისკომფორტთან გამკლავება, თუმცა ნამდვილად ღირს, სცადოთ და მიუშვათ. მოწყენილობის დროს შესაძლოა, შემოქმედებითობა, წარმოსახვის უნარი და თვითაღმოჩენა განვავითაროთ.

8. დაეყრდენით ლიტერატურას

კითხვის უნარების შენარჩუნება და განვითარება მოზარდს სწავლისა თუ ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე წაადგება. თუ თქვენს შვილს ჯერაც თავად უკითხავთ, მოსინჯეთ აუდიოწიგნები (იხილეთ საბას კატალოგი). როცა შესაძლებელი იქნება, ბავშვს თავად აარჩევინეთ საკითხავი ლიტერატურა: ბავშვის ინტერესის სფეროს კულტივირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კითხვის დონის სწორად განსაზღვრა – ცნობისმოყვარეობა ბავშვს კითხვის უნარების უფრო სწრაფად განვითარებაში დაეხმარება. შესაძლოა, მან ახალი ენის სწავლაც მოახერხოს. მოსინჯეთ გრაფიკული რომანებიც (კომიქსები): ისინი პოპულარულია როგორც ლიტერატურისადმი გულაცრუებულ მოზარდებში, ისე „წიგნის ჭიებში“.

9. არა უშავს, თუ მივიწყებული გაქვთ სასკოლო საგნები

მშობლების უმეტესობას არ ესმის - ან მივიწყებული აქვს - სასკოლო საგნები, მით უმეტეს, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. საბედნიეროდ, არსებობს არაერთი რესურსი, რომელიც თქვენს ბავშვს ამ მასალის უკეთ გაგებაში დაეხმარება. 

მაგალითად, ჩვენმა გუნდმა სრულად გააქართულა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და პროგრამირების მასალა „ხანის აკადემიაზე“ - წამყვან ამერიკულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე. საიტზე თქვენს შვილს 4,000-ზე მეტი ვიდეოსა და ათასობით სტატიისა და სავარჯიშოს დახმარებით შეუძლია, უფასოდ, საკუთარი ტემპით იმეცადინოს, გამოიყენოს გონიერი პლატფორმის უკუკავშირი, რჩევები, მინიშნებები და რეკომენდაციები, თქვენ კი შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ მშობლის ანგარიშით და თვალი ადევნოთ შვილის პროექტს. გაიგეთ მეტი.

არსებობს სხვა ქართულენოვანი პლატფორმებიც: code.org (ჩვენი გუნდის გაქართულებული პლატფორმა პროგრამირების სასწავლად), მურწყუ (ტესტები აბიტურიენტებისთვის), ლუპი (მათემატიკა და სხვა საგნები), ლინგვინგი (უცხო ენები), ინკო (სასკოლო საგნები), ნებულა (გონიერი პლატფორმა აბიტურიენტებისთვის), სქილს.ჯი (უნარები). იხილეთ ჩვენი გუნდის მიერ შედგენილი სია როგორც ქართული, ისე ინგლისურენოვანი რესურსებით.

10 არ დაგავიწყდეთ სახლის საქმეები

არაერთხელ გვსმენია შემზარავი ამბები ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებიც დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას, თუმცა სახლის საქმეების არაფერი გაეგებათ. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ შვილს საყოფაცხოვრებო უნარები გამოამუშავებინოთ და პროცესში ერთად გაატაროთ დრო: დალაგება, საჭმლის მზადება, რეცხვა, შინაური ცხოველების მოვლა. თუ თქვენი შვილი საკმარისად უფროსია, შეგიძლიათ, მას ფინანსური წიგნიერებაც ასწავლოთ და ის ხარჯების გასტუმრებასა და ბიუჯეტის შედგენაში დაიხმაროთ.

11. აიღეთ პაუზა ტექნოლოგიებისგან

კარანტინი იდეალური გარემოა იმისთვის, რომ არატექნოლოგიური აქტივობებიც წამოიწყოთ. დაეხმარეთ შვილს, დაკავდნენ ხელსაქმით, შემოქმედებით. თუნდაც ოჯახის წევრებისთვის ან მეგობრებისთვის - ან სულაც უცხო ადამიანებისთვის - წერილის დაწერა გარემოსთან კავშირის შენარჩუნებასა და კომუნიკაციისა და წერის უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ.

12. მიეცით მაგალითი: იზრუნეთ თქვენს თავზე

მნიშვნელოვანია, იზრუნოთ საკუთარ და ბავშვის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე: იქნება ეს ვარჯიში, ჯანსაღი საკვებისა თუ კომფორტისმომგვრელი სასუსნავების მირთმევა, სეირნობა თუ მედიტაცია. კარგი იქნება, თუ ამისკენ ბავშვსაც უბიძგებთ, თანაც, მაგალითის მიცემით: „რთული დღე მქონდა, ამიტომ ახლა აბაზანას მივიღებ და განვიტვირთები.”

13. მიეცით ბავშვს საშუალება, იგრძნოს და გამოხატოს საკუთარი ემოციები

სიციალურ-ემოციური უნარები შემეცნებისა და ზოგადი კეთილდღეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენს შვილებს ეს პერიოდი ყოველთვის ემახსოვრებათ და კარგი იქნება, თუ კრიზისის გადალახვის პროცესის მენტალურ და ემოციურ ანალიზს გააკეთებენ. პანდემია საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ ბავშვებს მათი ემოციების იდენტიფიცირებასა და გადახარშვაში: გულწრფელად ისაუბრეთ მათ შიშებსა და წუხილზე და აგრძნობინეთ, რომ მათ გვერდით ხართ. ჩვენ პანდემიის პრობლემას ვერ გადავჭრით, მაგრამ შეგვიძლია, შვილებს ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს მათი აზრებისა და ემოციების გაზიარებას.

ამ თემაზე დამატებითი რჩევებისთვის გამოიწერეთ საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების ფეისბუქ გვერდი.

ფინალ.jpg