ორნიშნა რიცხვების სახელების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სასწავლო რესურსების გამოყენებით, მეორე კლასში

პრაქტიკის კვლევის საჭიროება გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა. მიუხედავად ძალისხმევისა, მაინც წარმოიშვა პრობლემა ორნიშნა რიცხვის სახელების სწავლებასა და ჩაწერაზე. გასათვალისწინებელია, ისიც რომ კლასები არ არის მცირერიცხოვანი, გაკვეთილი არის 40 წუთიანი, მოსწავლეებიც არიან მეორე კლასელები და აგრეთვე გასათვალისწინებელია მათი მზაობა. ამ ყველა გარემოებამ გამოიწვია ეს პრობლემა. ასაკიდან გამომდინარე მოსწავლეებს უჭირთ ყურადღების მობილიზება გაკვეთილზე, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება, დიდხანს ყურადღების კონცენტრირება ერთსა და იმავე საკითხზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ კვლევა განვახორციელოთ შემდეგ საკითხზე — „როგორ გავაუმჯობესოთ ორნიშნა რიცხვების შესწავლის ხარისხი მათემატიკაში, მეორე კლასში საგანმანათლებლო რესურსებით“. 

 „მათემატიკა მეცნიერებების დედოფალია“ – კარლ ფრიდრიხ გაუსი.

მათემატიკის სწავლება რიცხვებიდან იწყება, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ, რიცხვების სწორად ჩაწერასა და წარმოთქმას. ვინაიდან რიცხვების სწორად გააზრება და მათი მნიშვნელობების ათვისება საფუძველია მათემატიკის სწავლებისა. მოსწავლეებმა თუ ვერ აღიქვეს და გაიგეს,, ერთ და ორნიშნა რიცხვის შედგენილობა'', მისი მნიშვნელობა, შემდგომში ეს შეუქმნის უფრო დიდ პრობლემას დიდი რიცხვების სწავლებისას, მოეჩვენება რთულ საგნად, დაკარგავს მათემატიკისადმი ინტერესს. 

   მოკლედ, რომ შევაჯამოთ ქართული თვლის სისტემა ასეთია: ათის ზევით სახელები ათთან შედარების საფუძველზეა შერჩეული: თერთმეტი ანუ (ა)თ-ერთ-მეტი, ათზე ერთით მეტი; თორმეტი ანუ (ა)თ-ორ-მეტი ათზე ორით მეტი; 

ანუ შედარებით დიდი რიცხვების გამოხატვა მცირე რაოდენობების საშუალებით ხდება. ოც-ს ისევ ცალკე სახელი ჰქვია. ოცის ზევით ასამდე კი ასეთი პრინციპია – ეს რიცხვები ოც-ოცად დათვლის საფუძველზეა სახელდებული. მაგ., ორმოცდაშვიდი გვიჩვენებს რომ ეს რაოდენობა არის ორი ოცი და შვიდი. ასს ისევ ცალკე სახელი ჰქვია. ქართული თვლის სისტემა არსებითად განსხვავდება ევროპული ენების თვლის სისტემებისგან. ევროპულ ენებში თვლის სისტემა ათობითია, ხოლო ქართულში ასამდე რიცხვებისათვის ოცობითი. ეს ერთგვარ „წინააღმდეგობას“ ქმნის რიცხვების სწავლებისას. ქართველ ბავშვს როდესაც ესმის „ოთხმოცდახუთი“ ხშირად მოსდით შეცდომა და წერს ორმოცდახუთს , რადგან სიტყვაში პირველად ესმის „ოთხი“ ეს ერთგვარი „წინააღმდეგობაა“ ზუსტად ესაა პრობლემა სწავლების ამ ეტაპზე. მნიშვნელოვანია ჩანაწერსა და სახელს შორის არსებითი სხვაობის კარგად გააზრება, რათა ბავშვმა სწორად გაიგოს თვლის სისტემის არსი და რაოდენობის ცნება. 

 აღნიშნულმა პრობლემამ გადაგვაწყვეტინა,რომ ვყოფილიყავით მკვლევარი მასწავლებლები და დაგვედგინა გამომწვევი მიზეზი, მოგვეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები სასწავლო რესურსების გამოყენებით. 

პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება იყოს: 

  • რიცხვის შედგენილობის გაუაზრებლობა; 

  • მოსწავლეთა ასაკი და მზაობა; 

  • მშობელთა ჩართულობა; 

  • კითხვის უნარების დაბალი ხარისხი; 

  • ერთფეროვანი სასწავლო გარემო; 

  • სასწავლო რესურსების ნაკლებობა; 

  • სტერეოტიპული მიდგომა „მათემატიკა რთული საგანია

 მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად უმრავლესობამ აღნიშნა, რომ რესურსების გამოყენება აუცილებელია საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, ჩართულობისათვის და დასახული მიზნის მიღწევისათვის. მიზნობრივად შერჩეული სასწავლო რესურსი ძალზედ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია. გამოკითხული მასწავლებლები ხშირად იყენებენ ისეთ დამხმარე რესურსებს როგორიცაა: თვალსაჩინოება, ლოტო, ფაზლები, ონლაინ თამაშები, ვიდეორგოლები. მიუხედავად კოლეგების დიდი მცდელობისა და სურვილისა მაინც არის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორიცაა: ინტერნეტი, რომელიც ძალიან დაბალი სიჩქარით მიეწოდება სკოლებს, რესურსების ნაკლებობა, ფინანსები, შეზღუდული დრო…

     თუმცა ყველა აღნიშნავს რომ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად შერჩეული რესურსები ყოველთვის დადებით შედეგს იძლევა. 

 კვლევის ფარგლებში ჩვენ მიერ ყველა ჩატარებული სამუშაოს და მონაცემთა ანალიზის გათვალისწინებით დავგეგმეთ შემდეგი ინტერვენციები:

  • რესურსი — „ოციდან ასამდე რიცხვების დასახელება და შედგენილობა“;

  • რიცხვის ბარათები;

  • ხანის აკადემია;

  • ასაწყობი ბარათები;

  • G-pried — ტესტი;

  •  მოსწავლეების მიერ შექმნილი მანიპულატივები;

  • მანიპულატივი — „კედელი, სვეტი, კუბი“;

  •  შუალედური ტესტი;

  • learningapps.org — ონლაინ რესურსი;

  • საბოლოო დიაგნოსტიკური ტესტი; 

 ორნიშნა რიცხვების ეფექტიანი სწავლება, მიზნობრივად გამოყენებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას გულისხმობს. სწავლის პროცესში მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და განსაზღვრავს მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციის ამაღლებას, რომელსაც სწავლა- სწავლების ხარისხის ხელშეწყობა შეუძლია. 

კვლევაში გამოყენებულმა თვისებრივმა და რაოდენობრივმა მეთოდებმა, ინტერვენციების ანალიზმა, ნათლად დაგვანახა შემდეგი მიგნებები:

      კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ძირითადად უჭირთ ორნიშნა რიცხვები ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ რიცხვის ნამდვილ რაოდენობას. აქვთ ასაკთან შესაბამისი ცოდნის დაბალი მზაობა, რადგან თითოეული მოსწავლის სწავლებისა და აღქმის ტემპი ინდივიდუალურია.


      ორნიშნა რიცხვების ჩაწერისა და შედგენილობის სწავლება დაბალი მზაობის მოსწავლეებთანაც დაძლევადია. მხოლოდ საჭიროა გამოვიყენოთ შედეგზე ორიენტირებული რესურსი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს რიცხვის შედგენილობა და არა დაიზეპიროს გაუცნობიერებლად. 

ჩვენი რეკომდაციებია:

  • გამოვავლინოთ მოსწავლეთა მზაობა;

  • გავეცნოთ შესაბამის ლიტერატურას;

  • მიზნობრივი რესურსების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება;

  • დავგეგმოთ საჭიროებაზე მორგებული ინტერვენციები;

  • შუალედებში შევამოწმოთ მოსწავლეთა პროგრესი;

  • გაკვეთილი  იყოს გაჯერებული დაძლევადი, მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული რესურსებით;

  • რესურსი იყოს ადვილად აღსაქმელი და ვიზუალურად ლამაზი;

  • მრავალფეროვანი რესურსებითა და თამაშ-თამაშით მივაჩვიოთ ბავშვები სწავლას;

  • რესურსები იყოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

 კვლევის მიზნიდან გამომდინარე სწორად დაგეგმილმა ინტერვენციებმა დადებითი შედეგი გამოიღო და ყველა მოსწავლემ დაძლია ორნიშნა რიცხვის სწავლება. ჩვენი მოლოდინი იყო რომ საგანმანათლებლო რესურსების მიზნობრივად გამოყენება დაგვეხმარებოდა შედეგის მიღწევაში და დიაგნოსტირებისას ზუსტად გამოიკვეთა ყველა მოსწავლის ეფექტური სწავლების ხარისხი.

 ჩემი სამიზნე ჯგუფი დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებდნენ ყველა ტესტსა თუ დავალებას, რამაც შედეგი გამოიღო. მოსწონდათ სიახლეები და რესურსების გამოყენებით კმაყოფილები იყვნენ, უმაღლდებოდათ მოტივაცია, სწავლის სურვილი და მონდომება.

 განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემ მიერ შექმნილი რესურსი „ოციდან ასამდე რიცხვების დასახელება და შედგენილობა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ვიზუალურად ასევე სტრუქტურულად. სადაც ნათლად ჩანს რიცხვის შედგენილობა ოცობითი სისტემით და სახელის შედგენილობის გააზრება, რადგან არის სხვადასხვა ფერის, სადაც ჩანს რამდენი ოცი და ნარჩენია რიცხვის დასახელებაში. 

 კვლევის მსვლელობისას შექმნილმა რესურსებმა გაალამაზა კლასის გარემო, გაამრავალფეროვნა რესურსების გამოყენების არეალი, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში.

გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი ka.khanacademy.org-ზე შემექმნა კლასი და აქტიურად გამომეყენებინა აღნიშნული ვებ-გვერდი. მართლაც გაამართლა ჩემი მოლოდინები, აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები და მათი მშობლები, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ შეწყვიტეს მუშაობა. დავინტერესდი მიზეზით და აღმოჩნდა რომ არის ისეთ რიცხვებზე მოქმედება მაგ. როგორიცა 100-ზე მეტი რიცხვები, რაც მათ ჯერ კიდევ არ უსწავლიათ და ასევე ამოცანებში გამოყენებულია უცხო სახელები და უჭირთ გააზრება, ადეკვატურად აღქმა. ამიტომ, შევწყვიტეთ გამოყენება და სამომავლოდ, მე-3 კლასში, აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებთ.

 საბოლოო სადიაგნოსტიკო ტესტმა დამანახა, ის რომ ჩვენს კვლევას და დაგეგმილ ინტერვენციებს უკვალოდ არ ჩაუვლია და გამოვლინდა პროგრესი. დავრწმუნდი, იმაში რომ დაუძლეველი არაფერია. შესაძლოა დაბალი მზაობის მოსწავლეც გახდეს ერთ-ერთი წარმატებული და დაძლეულ იქნეს კლასში წარმოქმნილი ყველა პრობლემა. თუ დავსვამთ სწორ „დიაგნოზს“, დავგეგმავთ საჭიროებაზე მორგებულ ინტერვენციებს, გამოვიყენებთ მიზნიდან გამომდინარე მრავალფეროვან რესურსებს, შედეგიც იქნება ეფექტური.

 

ციალა ბუჯიაშვილი 

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ
http://bit.ly/bujiashvili-action-research-2018