ღია წერილი USAID-ის დირექტორს, პიტერ ვიბლერს
Click here for the English version
ბატონო პიტერ,
რამდენიმე დღის წინ ვნახე თქვენი ვიდეო, რომელშიც ითხოვთ მოსახლეობის რჩევას — რაზე უნდა იმუშაოს USAID-მა შემდეგი 5 წელი?
ჩემთვის პასუხი ნათელი იყო — ინგლისური ენის გავრცელება საქართველოში — მაგრამ ვიდეოზე კომენტარი მაშინვე არ დავწერე, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხს სჭირდება დეტალური განხილვა, რომელიც კომენტარში უბრალოდ არ ჩაეტევა.
ამიტომ დავწერე ეს წერილი. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მგონია, რომ ინგლისური ენის საჭიროებას ბევრი ადამიანი სათანადოდ ვერ ხედავს. პირადად მე გამიმართლა. ჩემს ოჯახს ჰქონდა საშუალება და სკოლის პერიოდში ინგლისურის რეპეტიტორთან დავდიოდი. ამან საკმარისი საფუძველი მომცა და უნივერსიტეტში სწავლისას ნელ-ნელა დავიწყე აკადემიური ტექსტების კითხვაც, რაც საჭიროც იყო, რადგან ყველა საგანში საკითხავი მასალა ქართულად არ არსებობდა.
ზოგადი განათლებისთვისაც ინგლისურენოვან ინტერნეტზე წვდომამ არაერთი გზა გამიხსნა. ადრე TED-ის ვიდეოებსაც აქტიურად ვუყურებდი. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო იყო სალ ხანის გამოსვლა განათლებაზე, ხანის აკადემიაზე. მაშინ (2012 წელს) დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ქართულადაც გვქონდა ხანის აკადემიის მსგავსი რესურსი. ჰოდა, 2015 წელს დავაარსეთ Educare Georgia და მას შემდეგ ხანის აკადემიის 3000 ვიდეო და 7 მილიონი სიტყვა გავაქართულეთ, ჩვენს პლატფორმას კი დღეს ყოველთვიურად 50,000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. რადგან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს ინტერნეტზე (და შესაბამისად ჩვენს რესურსებზე) წვდომა არ ჰქონდა, ჩვენ წამოვიწყეთ პროექტი „ჩართე“ - პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. დღეს 350 მოსწავლეს აქვს ინტერნეტი, ლეპტოპი, ფართო სპექტრის სასწავლო რესურსები და ჩვენი გუნდის მუდმივი ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა.
ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამხელა სარგებელი შეიძლება მოვუტანოთ საკუთარ თავსა და ქვეყანას, როცა ვფლობთ ინგლისურს. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას არ აქვს მსგავსი შანსი.
ერთეული მაგალითებიდან გადავიდეთ რიცხვებზე. ორი სახის სტატისტიკაზე მინდა მოგიყვეთ:
საიდან ვასკვნით, რომ საქართველოში ინგლისური ენის ცოდნის დონე დაბალია?
რა სარგებელი მოაქვს ინგლისური ენის ცოდნას ინდივიდებისა და ქვეყნებისთვის?
ინგლისური ენის ცოდნის დონე საქართველოში
კავკასიის ბარომეტრიის 2017 წლის გამოკითხვიდან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის, ფაქტობრივად, 80% არ ფლობს ინგლისურ ენას (გრაფიკი #1). დაახლოებით იმავეზე მიუთითებს net.adjara.com-ის მონაცემები: ფილმებსა და სერიალებს ინგლისურ ენაზე მხოლოდ 11-12% უყურებს (გრაფიკი #2).
გრაფიკი #1
გრაფიკი #2
კიდევ ერთი წყარო, სადაც ჩანს, რომ საქარველოში ინგლისური ენის დონე დაბალია, არის Education First-ის 2018 წლის კვლევა (გრაფიკები #3 და #4). ამ კვლევის თანახმად საქართველო ევროპაში არის ბოლოდან მე-4 ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით.
გრაფიკი #3
გრაფიკი #4
ინგლისურის მიმართება სხვა მაჩვენებლებთან
კავკასიის ბარომეტრის მონაცემებიდან ჩანს, რა მიმართებაა ინგლისური ენის ცოდნასა და სხვა ცვლადებს შორის.
საქართველოს მოსახლეობაში ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია კომპიუტერულ უნარებთან (.522), ინტერნეტის მოხმარების სიხშირესთან (.503), ფორმალური განათლების სისტემაში გატარებულ წლებთან (.353), ჯანმრთელობის დონესთან (.333), ოჯახის ახლანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან (.234), საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილთან (.198) და ბედნიერების დონესთან (.185) (ცხრილი #1).
ცხრილი #1
ინგლისურის ცოდნის დონე | |||
---|---|---|---|
კორელაციის კოეფიციენტი | მნ. (2-მხრივი) |
რაოდენობა | |
ჯანმრთელების დონე |
.333** | .000 | 2309 |
ბედნიერების დონე | .185** | .000 | 2310 |
განათლების სისტემაში გატარებული წლები | .353** | .000 | 2310 |
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი | .198** | .000 | 2310 |
კომპიუტერული უნარები | .522** | .000 | 2310 |
ინტერნეტის გამოყენების სიხშირე | .503** | .000 | 2299 |
ოჯახის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა | .234** | .000 | 2310 |
** = კორელაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანია 0.01 დონეზე (ორმხრივი) |
შეინიშნება მიმართებები სხვა ინდიკატორებთანაც. მაგალითად, ინგლისურის დონის ზრდასთან ერთად იზრდება კომპიუტერის (გრაფიკი #5) და მობილური ინტერნეტის (გრაფიკი #6) ფლობის სიხშირე.
გრაფიკი #5
გრაფიკი #6
ისინი, ვინც ფლობენ ინგლისურს, ყველაზე ხშირ ინტერნეტ-აქტივობად უფრო ხშირად ასახელებენ ინფორმაციის მოძიებას, ვიდრე ისინი, ვინც არ ფლობენ ინგლისურს (გრაფიკი #7).
გრაფიკი #7
ინგლისურის მცოდნეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში (გრაფიკი #8) გაწევრიანებას, ვიდრე არმცოდნეები.
გრაფიკი #8
ინგლისურის ცოდნის დონეს კავშირი აქვს ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობასთანაც. აქაც, რაც უფრო მაღალია დონე, მით უფრო მეტია დასაქმებულთა წილი (გრაფიკი #9) და მით უფრო მეტ ოჯახს აქვს მაღალი გადახდისუნარიანობა (გრაფიკი #10).
გრაფიკი #9
გრაფიკი #10
ასევე, ინგლისურის ცოდნასთან ერთად მატულობს ქველმოქმედებისთვის ფულის შეწირვა (გრაფიკი #11).
გრაფიკი #11
რაზე გვაძლევს წვდომას ინგლისურის ცოდნა?
ახლა განვიხილოთ, რისი გაგება, წაკითხვა ან მიღება შეგვიძლია, როცა ვიცით ინგლისური.
ინტერნეტის ნახევარზე მეტი, 54.4%, არის ინგლისურ ენაზე, რიგით მე-2 ენას 7%-იც კი არ აქვს (გრაფიკი #12). ამის ფონზე, ქართულად ინტერნეტის 0,02%-იც კი არ არის (გრაფიკი #13). რადგან საქართველოს მოსახლეობის 80% ფაქტობრივად არ ფლობს ინგლისურ ენას (გრაფიკი #1), საქართველოს მოსახლეობის 80%-ს აქვს პოტენციურად წვდომა ინტერნეტის მხოლოდ 0,02%-ზე.
გრაფიკი #12
გრაფიკი #13
სამეცნიერო ცოდნის დიდი ნაწილიც ინგლისურ ენაზეა. UNESCO-ს 2014 წლის მონაცემებით სამეცნიერო ნაშრომების 37,2% დაიწერა ქვეყნებში, სადაც ინგლისური სახელმწიფო ენაა (გრაფიკი #14). აქედან უმეტესობა (25,3%) იყო აშშ-დან (გრაფიკი #14). იმავე მონაცემებით, რიგით მე-2 ქვეყანაა ჩინეთი (სწორედ აქ დაიწერა კვლევების 20,2%). ცხადია, ის, თუ სად დაიწერა კვლევა, არაფერს გვეუბნება სტატიის ენაზე. როგორც 15-ე გრაფიკიდან ჩანს, ჩინეთში დაწერილი სტატიების ნახევარი ინგლისურ ენაზე შესრულდა. სხვა არაინგლისურენოვან ქვეყნებში ინგლისურ ენაზე უფრო მეტი სტატია იწერება, ვიდრე მშობლიურზე.
გრაფიკი #14
გრაფიკი #15
პოტენციურად რამდენ ადამიანთან შეგვიძლია საუბარი, თუ ვფლობთ ინგლისურ ენას? 1 მილიარდზე მეტ ადამიანთან. ინგლისურ ენაზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს (გრაფიკი #16).
გრაფიკი #16
რამდენ ქვეყანაში გამოგადგება ინგლისური ენა? 124 ქვეყანაში (გრაფიკები #17 და #18).
გრაფიკი #17
გრაფიკი #18
რა სარგებელი მოაქვს ინგლისურის ცოდნას ქვეყნისთვის?
ახლა ვნახოთ, ქვეყნის მასშტაბზე რა სარგებელთან კორელირდება მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნა ორგანიზაციის Education First მიერ 88 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) ჩატარებული 2018 წლის კვლევის მიხედვით (www.ef.edu/epi/).
რაც უფრო მაღალია ქვეყნის მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, მით უფრო მეტ ღირებულებას ქმნიან ადამიანები თითო ნამუშევარ საათში (გრაფიკი #19). სხვა ეკონომიკური ინდექსები, რომელთანაც ინგლისური ენის ცოდნა დადებით კორელაციაშია, ბიზნესის კეთების სიმარტივე (გრაფიკი #20) და საშუალო მთლიანი შემოსავალი (გრაფიკი #21).
გრაფიკი #19
გრაფიკი #20
გრაფიკი #21
ქვეყნის ინგლისურის ცოდნის დონე დადებით კორელაციაშია ინოვაციის საკვანძო ინდიკატორებთან, როგორებიცაა კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯები და მკვლევრებისა და სპეციალისტების რაოდენობა (გრაფიკი #22).
გრაფიკი #22
ქვეყნის ინგლისური ენის ცოდნის დონე დაკავშირებულია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხთანაც. ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია ადამიანის განვითარების (გრაფიკი #23) და გენდერული თანასწორობის გლობალურ (გრაფიკი #24) ინდექსებთან.
გრაფიკი #23
გრაფიკი #24
ინტერნეტის საშუალო შეღწევადობა უფრო მაღალია ქვეყნებში, სადაც ინგლისური უკეთ იციან (გრაფიკი #25).
გრაფიკი #25
ეს და სხვა სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ: bit.ly/english_data
ინგლისურის სარგებელსა და გავლენაზე კიდევ მრავალი სტატისტიკის მოძებვნა თუ კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, თუმცა დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას:
რისი გაკეთება შეუძლია USAID-ს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდეს გარე დახმარება? ჩემი და Educare Georgia-ს გუნდის პასუხი არის — ინგლისური ენის გავრცელება ქვეყანაში.
როგორ შეუძლია USAID-ს ინგლისურის პოპულარიზაცია? აი, რამდენიმე შესაძლო მიმართულება:
ინგლისური ენის მასწავლებლების მხარდაჭერა (მათი გადამზადება, რაოდენობის გაზრდა, ხელფასის გაზრდა, უცხოურ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ა.შ.). ვფიქრობ, რომ ერთადერთი ძალა რომელსაც შეუძლია, მოახდინოს მასშტაბური გარდატეხა მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნაში, არიან მასწავლებლები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, ამისთვის ბაზა უკვე არსებობს. ინგლისური ისწავლება სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ის ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
სკოლის გარეთ განათლება ვერ გამოიწვევს მასშტაბურ ცვლილებებს. არაფორმალური ან ონლაინ განათლება, რეპეტიტორი, და ა.შ. მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი დამხმარე რესურსებია.
ყველა საგნის მასწავლებლისთვის ინგლისური ენის სწავლება, ESP (English for specific purposes) ტიპის ტრენინგებით მასწავლებლების გადამზადება და შემდეგ იმავე პრინციპის EAP (English for academic purposes) მეთოდებით მოსწავლეების სწავლება.
ინგლისურის შესწავლის არაფორმალური გზების ხელშეწყობა: ლიტერატურული თუ თეატრალური წრეები, სასწავლო აპლიკაციები (მაგ., Duolingo) თუ სხვა.
ქვეყნის გაძლიერებისთვის ინგლისური ენის დანერგვა და განათლების სისტემის გაუმჯობესება საკმარისი არ არის, თუმცა ინგლისური ენა კომენტარებში ნახსენებ სხვა სფეროებსაც წაადგება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარებას. წარმოდგინეთ ფერმერების ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრიც (სკოლის მოსწავლე) ფლობს ინგლისურს საკმარის დონეზე, რომ მოძებნოს ინტერნეტში და წაიკითხოს მისი ოჯახის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია ან წაიკითხოს USAID-ის მიერ მიწოდებული რესურსები პირდაპირ, ინგლისურ ენაზე. ამ გზით დაიზოგება თარგმნისთვის საჭირო თანხა და რესურსებიც უფრო სწრაფად გავრცელდება.
ინგლისური ენა ნებისმიერი სხვა სფეროს წაადგება ორი დაშვებიდან გამომდინარე.
1. ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს რაღაც;
2. რაც არ უნდა აინტერესებდეს ადამიანს, ინგლისურ ენაზე აუცილებლად არსებობს მისთვის პოტენციურად საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია.