მათემატიკის სწავლებაში ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი საშინაო დავალების შეუსრულებლობაა. კლასში ნასწავლის სახლში გააზრება და გამეორება ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებელი პირობაა. საშინაო დავალების სისტემატური შეუსრულებლობა სწავლაში ჩამორჩენას, მოტივაციის დაკარგვას, საგაკვეთილო პროცესში დისციპლინის პრობლემებს და სხვ. უარყოფით შედეგებს იწვევს.
პრობლემის გამოვლენისას, საჭიროა, მასწავლებელმა გამოიკვლიოს გამომწვევი მიზეზები და დასახოს გადაჭრის გზები.
მეშვიდე კლასში პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეები საჭიროებდნენ პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას, ასევე, უნდა დაეძლიათ ცოდნაში ჩამორჩენა. დიაგრამაზე ნაჩვენებია პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კვლევის ერთ-ერთი მეთოდის, ინტერვიუს, გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემები:
პრობლემის გადასაჭრელად კვლევის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:
გაკვეთილზე გუნდური თამაში-შეჯიბრის (“მათემატიკური ალპინიზმი”) გამოყენება, რომლის მიმდინარეობის დროსაც გუნდის წევრები საკლასო აქტივობების გარდა, ფასდებოდნენ საშინაო დავალების მიხედვით. შედეგად, იზრდებოდა საშინაო დავალების შესრულების პასუხისმგებლობა. შეჯიბრი გუნდური პასუხისმგებლობის და მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლეთა მაღალი ხარისხით ჩართულობას უწყობდა ხელს და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდიდა;
შედარებით მაღალი და დაბალი მზაობის მოსწავლეთა წყვილში მუშაობა, რომლის დროსაც მოსწავლეები ივითარებდნენ თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, სწავლობდნენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ხოლო დაბალი მზაობის მოსწავლეს ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილება ხელს უწყობდა საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში;
ხანის აკადემიის ელექტრონული რესურსების საშინაო დავალებად გამოყენება მასწავლებელს აძლევდა მოსწავლის ასაკობრივ და ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული დავალების შერჩევის და მის პროგრესზე დაკვირვების შესაძლებლობას.
ვიდეოგაკვეთილები, სტატიები, ტესტები ეხმარებოდა მოსწავლეს:
მოტივაციის და პასუხისმგებლობის ამაღლებაში;
დავიწყებული, ან შეუსწავლელი მასალის ათვისებასა და ცოდნაში ჩამორჩენის დაძლევაში;
შედეგების გაუმჯობესებაში;
თვითშეფასებაში;
დაგეგმილმა ინტერვენციებმა გაამართლა, გაუმჯობესდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, საშინაო დავალების შესრულების პასუხისმგებლობა, აუმაღლდათ სწავლის მოტივაცია და შედარებით განივითარეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი. მიღწეულ იქნა სასწავლო აქტივობებში სსსმ მოსწავლეების მაღალი ხარისხით ჩართვა.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მათემატიკის და ვფიქრობ, ნებისმიერი სხვა დისციპლინის სწავლებაში და მოსწავლის პასუხისმგებლობის განვითარებაში, ეფექტურია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქტიური სწავლების მეთოდების, ელექტრონული რესურსების და კლასის ორგანიზების ფორმების (მაგ: მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში) გამოყენება.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/mishveladze-action-research-report-2018
ქეთევან მიშველაძე
2019 წლის 15 ივნისი.