ინტერვიუ Educare Georgia-ს ერთ ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ჯიბლაძესთან.
განათლების მიღება ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრებაში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ვის არ უოცნებია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში მიეღო განათლება,თუმცა ეს ბევრისთვის ოცნებად რჩება.
წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ამ ოცნების ასრულება სახლიდან გაუსვლელად,ინტერნეტის დახმარებით გახდებოდა შესაძლებელი.
დღესდღეობით განათლების მიღება ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი,ამისათვის კი მხოლოდ ინტერნეტი და სურვილი გახლავთ საჭირო.
მართლაც საინტერესოდ ჟღერს,თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისათვის გადავწყვიტეთ საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia–ს ერთ–ერთ დამფუძნებელ,გიორგი ჯიბლაძეს გავსაუბრებოდით.
Educare Georgia გახლავთ ორგანიზაცია,რომელიც სწორედ რომ აფინანსებს დისტანციური სწავლებით დაინტერესებულ ადამიანებს და აძლევს შანს გახდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები.
–რამდენად გამართლებულია ცოდნის მიღება ონლაინკურსების საშუალებით?
–ამაზე ბევრი ბჭობა მიდის, მაგრამ რაც დრო გადის და ტექნოლოგიები იხვეწება ტრადიციული განათლების მხარდამჭერებს სულ უფრო და უფრო აკლდებათ არგუმენტები, თავისი პოზიციის დასაცავად. არსებობს ამ საკითხის პრაგმატული მხარე, თუ რამდენად ჯობია ონლაინ განათლება ტრადიციულს, მათი პლუსები და მინუსები, მაგრამ არის ასევე ძალიან გლობალური საკითხი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და რასაც პრინციპში უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ რადიკალურად შეცვალოს მსოფლიო.
მოკლედ გეტყვით ჯერ გლობალურ მხარეზე.
ინტერნეტმა შექმნა სრულიად ახალი ეპოქა არა მარტო განათლებაში, არამედ საერთოდ ცოდნის გაზიარების მხრივაც. განათლება და მითუმეტეს უმაღლესი, მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის ფაქტიურად ხელმიუწვდომელია. წარმოიდგინეთ ჰარვარდის და აზიის განვითარების ბანკის კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 8 %-ს აქვს უმაღლესი განათლება.
განათლების მიღების მთავარი ბარიერი უსახსრობაა. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც განათლების დონე ყველაზე მაღალია, სწავლა ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად ამერიკაში 900 მილიარდი დოლარი სტუდენტების მიერ სასწავლო სესხია. თავად ამერიკელებსაც უჭირთ განათლების საფასურის გადახდა, საუბარი აღარაა განვითარებად ქვეყნებზე. ეს გახდა ძალიან სერიოზული პრობლემა მსოფლიოსთვის.
სწორედ აქ ხდება ონლაინ განათლება აქტუალური. მსოფლიოში 3 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელია, ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს, მსოფლიო მოსახლეობის 40 %- ზე მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ინტერნეტის მეშვეობით მოისმინოს ლექციები და დაესწროს კლასებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ამის საშუალებას დღეს ისეთი ონლაინ პლატფორმები (ვებ გვერდები) იძლევიან, როგორებიც არიან: сoursera, edx, stanford online. დ.ა.შ. ამას გარდა ინტერნეტში შეგიძლიათ მოუსმინოთ მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებს ყველა იმ სფეროში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. გაიგოთ მოსაზრება და გაიზიაროთ მსოფლმხედველობა ადამიანების, რომლებსაც დიდი ალბათობით ვერასოდეს შეხვდებოდით.
განათლების მიღების ბარიერი დღეს მინიმუმამდეა დაწეული. მასშტაბები ,რომლებსაც ონლაინ განათლება იძლევა უსაზღვრო ხდება. წარმოიდგინეთ ლექცია სტენფორდის უნივერსიტეტში, რომელსაც იქ მჯდომი სტუდენტების გარდა კიდევ ერთდროულად 200 000 მდე სტუდენტი უსმენს, მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, დროის სხვადასხვა სარტყელში.
ახლა უფრო პრაგმატულ სხვაობებზე გადავიდეთ
უპირატესობა ონლაინ განათლებას ტრადიციულთან შედარებით ძალიან დიდი აქვს. დამტკიცებულია, რომ ხალხმრავალ აუდიტორიაში სტუდენტთა ჩართულობის, კონცენტრაციის და საერთოდ მოსწრების საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ სტუდენტების 50 % -ს . ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. ონლაინ კურსების დროს შესაძლებელია ბევრჯერ მოსმენა, გადახვევა, გამეორება, კარგად გააზრება. ტექნოლოგია კიდევ უფრო ხვეწს ამ პროცესს, მაგალითად ლექტორი ვიდეო ლექციისას დასვამს კითხვას და ლექცია დროებით გაჩერდება, გამოჩნდება პასუხის ჩასაწერი ველი, სადაც უკლებლივ ყველა სტუდენტი ვალდებულია თავისი პასუხი დააფიქსიროს. შედეგად ყველა სტუდენტი თანაბრად აქტიურობს. ასევე ლექციები და მასალა ბევრად უფრო მორგებულია სტუდენტის ინტერესებზე და დროც უფრო ეფექტურად იხარჯება. ზუსტად შეგიძლია მოძებნო კონკრეტული სფერო რაც გაინტერესებს და ბოლომდე ჩაეძიო მის სიღრმეში.
რაც შეეხება ონლაინ განათლების უარყოფით მხარეებს, ლექციის ინტერაქტიულობა და ჯგუფური მუშაობა აქ ნაკლებია, თუმცა ტექნოლოგიების საშუალებით ამ მინუსების აღმოფხვრაც იწყება. თითოეულ ონლაინ კურსს საკმაოდ საინტერესო სადისკუსიო ჯგუფები ჰყავს, სადაც სტუდენტს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მონახოს თანამოაზრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მცირე აუდიტორიაში შესაძლოა საერთოდ ვერ იპოვოს. სადისკუსიო ჯგუფში სადაც შესაძლოა 10 000 მდე სტუდენტი იმყოფებოდეს, სტუდენტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი, საშუალოდ 22 წუთში გაეცემა, დღე–ღამის რა დროც არ უნდა იყოს.
ონლაინ განათლების უარყოფით მხარედ ასევე შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ლექციების შემდეგ ვერ ხერხდება სტუდენტების დროის ერთად გატარება და პირადი ურთიერთობა, თუმცა საბოლოო ჯამში მასშტაბები, რასაც ონლაინ განათლება აღწევს, ამ მინუსებს ნამდვილად გადაწონის.
მნიშვნელოვანია შევეხოთ შეფასების სისტემას. როგორ შეიძლება შეაფასო 100 000 სტუდენტის მოსწრება? დღეს ამის შეფასება უკვე ხდება ტექნოლოგიების საშუალებით, რომელზეც დასავლეთში დიდი სამეცნიერო ჯგუფები მუშაობენ. ექსპერტები განათლების სფეროდან, პროგრამისტები, მათემატიკოსები დ.ა.შ ერთ-ერთი გარღვევა იყო ეკოსისტემის შექმნა, სადაც 10 000-ობით სტუდენტს ერთმანეთის შეფასება შეუძლია. კვლევებმა და გამოთვლებმა აჩვენეს, რომ დიდი რაოდენობის სტუდენტების შეფასებამ იდეალური შედეგები გამოავლინა, გადახრა უმნიშვნელოა და შედეგები სრულიად ადეკვატურია მათ რეალურ მოსწრებასთან. ამგვარი მიმართულებები დღითიდღე კიდევ უფრო ვითარდება, ამიტომ საბოლოო ჯამში ტექნოლოგიების დამსახურებით ონლაინ განათლების უარყოითი მხარეები მინიმუმამდე დადის.
ფაქტია რომ განათლების სისტემა მთლიანად შეიცვლება მომავალში, ეს გარდაუვალია. ინტერნეტის დამსახურებით თავად სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და უფრო ეფექტური გახდება ვიდრე დღეს. დღეს უნივერსიტეტები ონლაინ კურსების მეშვეობით აგროვებენ ნებისმიერ სტატისტიკას: თითოეული ღილაკის დაჭერის რაოდენობა, პროფესიების პოპულარობა, აფასებენ 100 000–ობით სტუდენტის შედეგებს და მოსწრებას, შესაბამისად უფრო ზუსტად და სწრაფად იგებენ რა მუშაობს და რა არ მუშაობს, რა მეთოდს აქვს ეფექტი და რას არა. სისტემა ძალიან სწრაფად იხვეწება.
მოკლედ რომ გითხრათ, ამ ყველაფრის გამო მსოფლიო იცვლება არნახული ტემპებით და ჩვენი ქვეყანაც ამას უნდა აჰყვეს, იმისათვის რომ ღირსეული წევრები გავხდეთ თანამედროვე მსოფლიოსი. წარმოიდგინეთ რა ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი განვითარებულ ქვეყნებში და ახლა ამის შეცნობა და გაზიარება უკვე მსოფლიოს უდიდეს ნაწილს შეუძლია, მათ შორის ჩვენც.
–რამდენად აპრობირებულია საქართველოში ონლაინ კურსების მოხმარება?
–აპრობირებული ჯერ ჯერობით არ არის, ხალხს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, სწორედ ეს არის ჩვენი ფონდის, EducareGeorgia-ს ერთ-ერთი მიზანი რომ ეს გავაგებინოთ ახალგაზრდებს. თუმცა საკმაოდ ბევრი აპლიკაცია შემოგვდის კურსების დაფინანსებაზე, რაც იმას ნიშნავს რომ ეს მიმართულება პოპულარული ხდება. ბევრს ესმის რომ, ის ცოდნა და გამოცდილება რაც განვითარებულ ქვეყნებში არის, ჩვენ საგანმანათლებლო სფეროში ჯერ სრულად ვერ აღწევს და ვისაც პროფესიული განვითარება უნდა, მათთვის ეს იდეალური გზაა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე ენის ბარიერი. კურსები უცხო ენაზეა, ძირითადად ინგლისურად, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ისიც არის რომ უცხო ენის უკეთ შესწავლაში შევუწყოთ ხელი და ასევე გარკვეული მასალა ქართულად ვთარგმნოთ.
–რა ტიპის სეგმენტზეა გათვლილი ონლაინ კურსები? (მოსწავლე,სტუდენტი…)
–ჩვენი სეგმენტი პრინციპში ნებისმიერი ადამიანია ვისაც სურვილი აქვს რომ ისწავლოს. გასაგებია რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან ჩვენი აპლიკანტები, თუმცა ჩვენ ყველას დავუჭერთ მხარს. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფლობდეს იმ ენას, რა ენაზეც სურს კურსის გავლა. დანარჩენს კი ვაფასებთ შევსებული აპლიკაციისა და რეკომენდაციების მიხედვით.
–რამდენად პერსპექტიულია ონლაინ კურსებზე მიღებული სერტიფიკატი სამსახურის მაძიებელთათვის?
–მიუხედავად იმისა ,რომ დამსაქმებელმა შესაძლოა არ იცოდეს ბევრი, ასეთი ტიპის განათლების შესახებ, როდესაც ხედავს cv- ში რომ კანდიდატს ჰარვარდის, იელის და პრინსტონის კურსები აქვს თავის სფეროში გავლილი, დარწმუნებული ვარ დიდ როლს ითამაშებს გადაწყვეტილების მიღებაში.
პრობლემა ის არის, რომ უფასო კურსების გავლისას დიპლომს არ იძლევიან, იძლევიან მხოლოდ კურსის გავლის დამადასტურელელ სერტიფიკატებს. ამით უნივერისტეტები ჯერ–ჯერობით ტრადიციულ სისტემას ინარჩუნებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შემოსავალს დაკარგავენ.
თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით, მომავალში დიპლომი ამდენად მნიშვნელოვანი აღარ იქნება. მე. როგორც დამსაქმებელს, მჭირდება კადრი და არა დიპლომი.
ამერიკაში მაგალითად უკვე ძალიან ბევრ სფეროში დიპლომი არავის აინტერესებს, მაგალითად კომპიუტერულ პროგრამირებაში. საერთოდ გარკვეულ სფეროებში იმდენად განვითარდა ადამიანის უნარების შეფასების მექანიზმი, რომ თავისუფლად ადგენენ ვის რა შეუძლია. კერძო მეწარმეობის (entrepreneurship) განვითარებამ საერთოდ დაანგრია დიპლომების სტერეოტიპი. მაგალითისათვის დიპლომი არ ჰქონდა სტივ ჯობს, ბილ გეითს, მარკ ცუკერბერგს და მრავალ სხვას. თუმცა მმართველურ პოზიციაზე დაქირავებულ თანამშრომლად აყვანის პროცესში, დიპლომი ჯერ–ჯერობით მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს.
–გვიამბეთ თქვენი პროგრამის შესახებ
–ეს პროექტი კერძო ადამინების ინიციატივაა და დონორებიც ჯერ–ჯერობით ძირითადად კერძო პირები არიან, რომლებსაც სჯერა რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.
გული გვწყდებოდა რომ ამხელა საგანმანათლებლო რესურსი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტში და ქართველ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია.
EducareGeorgia-ს მიზანია, რომ გავაცნოთ ქართველ ახალგაზრდებს განათლების ყველა ის შესაძლებლობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო დონის განათლების მიღებაში, რაც ნამდვილად მნივნელოვან როლს შეასრულებს მათ და საზოგადოების განვითარებაში.
ასევე ჩვენ ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ ახალგაზრდებს ონლაინ განათლების მიღებაში. ჩვენ ვაფინანსებთ ონლაინ კურსებს, ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Coursera.com; Edx.org; Novoed.com; Udacity.com;Udemy.com და სხვა. ამ გვერდებზე განლაგებულია კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერისტეტებიდან: Stanford, Harvard, Berkeley, Сolumbia, MIT, Princeton, Hec დ.ა.შ. ხელმისაწვდომია ძალიან დიდი საგანმანათლებლო რესურსი ნებისმიერი პროფესიისათვის. 2000-ზე მეტი ლექციათა კურსი, 100-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტიდან და 30–ზე მეტი პროფესია.
კურსების უმრავლესობა უფასოა, თუმცა სერტიფიკატის აღების მსურველთათვის სერთიფიკატი ფასიანია. ასევე მრავლად არის ფასიანი კურსები. აღნიშნული კურსების გავლა და სერტიფიკატების მოპოვება ახალგაზრდებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და კარიერულ წინსვლაში.
ჩვენი ფონდი უზრუნველყოფს კურსების და სერტიფიკატის ღირებულების დაფინანსებას.
მომავალში ვაპირებთ რომ გარკევეული საგანმანათლებლო ვიდეო მასალა ვთარგმნოთ, გვინდა ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს უცხო ენების სწავლებაში. ერთ–ერთ პროექტს ამ თემაზე ვამუშავებთ საინტერესო კომპანიასთან, Worddive.com თან. ეს პირველი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელზეც შესაძლებელია 11 ენის სწავლა ქართულ ენოვანი მომხმარებლებისათვის.
–რა შემთხვევაში ხდება ონლაინ კურსების მონაწილის დაფინანსება?
–ნებისმიერ მსურველს შეუძლია აპლიკაციის შემოტანა. სასურველია, რომ აპლიკაციის ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. უმჯობესია მიგვითითონ ლექტორები ან დამსაქმებლები, რომლებიც გაუწევენ რეკომენდაციას. რამდენიმე ღია ველია, სადაც უნდა ჩაწერონ მიზეზები, რატომ უნდა ვარჩიოთ მათი კანდიდატურა ნაცვლად სხვისა დ.ა.შ ჯერ–ჯერობით უმეტესობა აპლიკანტებისა დავაკმაყოფილეთ. დეტალური პირობების ნახვა შესაძლებელია ჩვენ ვებ გვერდზე educaregeorgia.com
–როგორ და ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება დაფინანსების მოპოვების თაობაზე?
–როგორც გითხარით განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. განაცხადი არის მოთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე, educaregeorgia.com და ფეისბუქ გვერდზეhttps://www.facebook.com/educaregeorgia . 5 სამუშაო დღის განმავლობაში აპლიკანტი ჩვენგან მიიღებს პასუხს დაფინანსდება თუ არა და დაფინანსების რა ფორმას მიიღებს.
და ბოლოს მინდა რომ გითხრათ:
განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია სიღარიბის აღმოფხვრისა და ქვეყნის განვითარებისათვის. განვითარებულ სამყაროს ეს კარგად ესმის. გადამწყვეტია, რომ ეს კარგად გვესმოდეს საქართველოშიც. ეს გრძელვადიანია, ეს პროცესია და მუშაობა არის დასაწყები დღეს !!!
ამ საგანმანათლებლო მასალის უფასო მოწოდებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და უნივერსიტეტებს უზარმაზარი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ცოდნის გაზიარება ალბათ ყველაზე დიდი ქველმოქმედება და სიკეთეა, რაც ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს!
ინტერვიუ მოამზადა სალომე აფციაურმა
წყარო: სასკოლო კვლევების ცენტრი; www.rcs.ge/?p=1169#